პრემიერ-მინისტრის მიმართვა(ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:03 | 19.12.2015
ნანახია: 1464



პრინციპული თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე და ისტორიული დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ანგარიშს საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, კომისიამ ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით შეასრულა ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა რეფორმა სრულყოფილად განხორციელდა.
ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ დღეს, ევროინტეგრაციის გზაზე, გადადგა ნაბიჯი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს ევროპულ სახელმწიფოთა ერთიან ოჯახში.
„წარმატებული რეფორმების შედეგად ჩვენ უკვე მივაღწიეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. ამის შემდეგ, ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური შეფასება ვიზა ლიბერალიზაციის გზაზე თავისუფალი, ძლიერი და ერთიანი საქართველოს შენების ურყევ საფუძველს კიდევ უფრო განამტკიცებს. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მომდევნო წლიდან საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მოქალაქეები ხვალვე აიღებენ ბილეთებს და ევროპაში უვიზოდ გაემგზავრებიან. საბოლოო გადაწყვეტილებამდე გასავლელია ეტაპები, რაც სხვა ქვეყნების გამოცდილებით, რამდენიმე თვეს მოიცავს. თუმცა, დღეს ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ევროკავშირმა ფაქტობრივად აღიარა საქართველოს განუხრელი ერთგულება ევროპული ფასეულობებისადმი, წინსვლა ევროპული თანამეგობრობისკენ სწრაფვის გზაზე და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ, რეფორმების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელების გზაზე, ევროპელი კოლეგების მაღალი შეფასება დაიმსახურა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე