ამაზრზენი და შემაშფოთებელია ის რეაქცია, რაც ხელისუფლებას ერთი ჟურნალისტის შეცდომაზე ჰქონდა - რუსთავი 2

საქართველო, თბილისი - 12:34 | 08.07.2019
ნანახია: 783

ხელისუფლებამ „რუსთავი2"-ის წინააღმდეგ მორიგი შეტევა დაიწყო - ნათქვამია „რუსთავი2"-ის განცხადებაში.

სამაუწყებლო კომპანია განმარტავს, რომ ტელეკომპანიამ გიორგი გაბუნიას არაეთიკური განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა გაბუნიას განცხადება, ხელისუფლების მხრიდან ორკესტრირებული შეტევის მიზეზად იქცა.

"ჩვენი კოლეგის, გიორგი გაბუნიას არაეთიკური მონოლოგი, ის საბაბი აღმოჩნდა, რის გამოც ხელისუფლებამ რუსთავი2-ის წინააღმდეგ ახალი იერიში დაიწყო.

ის რომ, "პოსტსკირპტუმის" წამყვანის გუშინდელი მონოლოგი არ ჯდება არანაირი ეთიკის სტანდარტში, ჩვენმა არხმა საჯარო განცხადებით გუშინვე მკაფიოდ თქვა და მაყურებელსაც ბოდიში საჯაროდ მოუხადა. ჩვენი პოზიცია, იგივეა, გაბუნიას საავტორო მონოლოგი იყო არაეთიკური და ამ საკითხზე "რუსთავი2"- ის თვითრეგულირების ორგანოსაც რეაქცია უახლოეს მომავალში ექნება.

თუმცა, ნამდვილად ამაზრზენი და შემაშფოთებელია ის რეაქცია, რაც ხელისუფლებას ერთი ჟურნალისტის შეცდომაზე ჰქონდა. "ქართული ოცნების" ის მაღალჩინოსნები, რომლებიც გავრილოვის პარლამენტში მისვლის დროსაც, და შემდეგ უკვე სისხლიანი დარბევის ღამესაც უხერხულად დუმდნენ, ახლა ერთმანეთს ასწრებენ ინგლისურ თუ ქართულ ენებზე საჯარო განცხადებების გაკეთებას, და გამოდიან თავისუფალი სიტყვის რეგულირების მოწოდებებით, მიანიშნებენ, რომ "რუსთავი2" დასახურია და ამბობენ, რომ ტელეარხიც და მისი ჟურნალისტიც პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. ეს აღარ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის საჯარო პირების მუქარა და ხელისუფლების ორკესტრირებული შეტევა "რუსთავი2"-ზე.

"ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული სხვადასხვა ჯგუფები კი "რუსთავი2"-ის ოფისთან გვიან ღამითვე,ორგანიზებულად შეიკრიბნენ და ტელეკომპანიის დახურვა მოითხოვეს. ამ აგრესიის გამო ჩვენ იძულებული გავხდით მაუწყებლობა დროებით შეგვეწყვიტა... კიდევ ერთხელ, გიორგი გაბუნიას საავტორო მონოლოგი ჩვენი სარედაქციო პოლიტიკისათვის იყო ნამდვილად მიუღებელი და ჟურნალისტურ სტანდარტებთან შეუსაბამო...

თუმცა, ის რეაქცია რასაც ხელისუფლებისგან ვხედავთ, სახიფათოა არა კონრკეტულად "რუსთავი2"-სთვის, არამედ ქვეყნისთვის, ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის და ჩვენი საერთო მომავლისთვის,"- ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე