საქართველოში უკრაინელი ტურისტების მოზიდვის საკითხზე უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროში იმსჯელეს

საქართველო, თბილისი - 16:56 | 01.07.2019
ნანახია: 810

საქართველოში უკრაინელი ტურისტების მოზიდვის საკითხზე უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გელა დუმბაძე უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს მიხაილ ტიტარჩუკს შეხვდა.

როგორც უკრაინაში საქართველოს საელჩოში განმარტავენ, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციისა და უკრაინელი ტურისტების მოზიდვის საკითხებს. ელჩმა მინისტრის მოადგილეს გააცნო ინფორმაცია უკანასკნელ პერიოდში რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებული შეზღუდვების თაობაზე და მიმართა თხოვნით მაქსიმალურად მოხდეს ხელშეწყობა უკრაინელი ტურისტების რაოდენობის გაზრდის უზრუნველსაყოფად.

მხარეებმა განიხილეს კონკრეტული ნაბიჯები და ინიციატივები აღნიშნული მიზნის მისაღწევად. მიხაილ ტიტარჩუკმა სრული მზადყოფნა გამოხატა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ მზად არის შეხვდეს ქართველ კოლეგებს კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე