ყველაფერი გავაკეთე, რომ ის ღამე სხვანაირად დამთავრებულიყო - პავლე კუბლაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:09 | 26.06.2019
ნანახია: 865

პალიკო კუბლაშვილი ადასტურებს, რომ 20 ივნისის ღამეს ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შუამავლის როლს მართლაც ასრულებდა და აპირებდა, რომ მოლაპარაკება შემდგარიყო გახარიასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის. მისი თქმით, პირველ ეტაპზე კომუნიკაცია შედგა „ევროპული საქართველოს“ წევრებთან შემდეგ კი იგეგმებოდა, რომ უნდა ყოფილიყო მოლაპარაკება ნიკა მელისა და გრიგოლ ვაშაძესთან.

„ჩვენ ყველანი ერთად ვაკვირდებოდით იმ პროცესს, რაც მიდიოდა პარლამენტის შესასვლელთან, ყველა პოლიტიკოსი, არა მხოლოდ ჩემზე მაქვს საუბარი, პოლიტიკოსები, ვინც იყვნენ იქ, ყველანი ცდილობდნენ, რომ სიტუაცია განემუხტათ. ამ, განმუხტვის ყველაზე კარგი საშუალება იყო მოლაპარაკება. ამის საშუალება ექნებოდა ადამიანს, რომელსაც შეეძლო, ორივე მხარესთან ჰქონოდა კომუნიკაცია. მე ამ შემთხვევაში შევთავაზე აკაკი ბობოხიძეს, რომ გავსულიყავი კონტაქტზე, შემეთანხმებინა შეხვედრის საკითხი, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ გახარია დათანხმდა ამ ტიპის შეხვედრას. ამის შემდეგ ბობოხიძესთან ერთად ვცდილობდი, რომ აქეთა მხრიდანაც თანხმობა ყოფილიყო. მე ნიკა მელიასთან არ მქონია საუბარი, ბობოხიძესთან მქონდა საუბარი. დროის გამო თუ იმის გამო, რომ ვერ მოვასწარით, შეიძლება მე დავაგვიანე კონტაქტზე გასვლა. ეს შეხვედრა არ შედგა და მოხდა ის, რაც მოხდა. მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ის ღამე სხვანაირად დამთავრებულიყო,“ - განაცხადა პალიკო კუბლაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე