არ შევწყვეტ ბრძოლას, რომ დავიბრუნო ჩემი თვალუკა - 21 ივნისს დაშავებული გოგონა

საქართველო, თბილისი - 17:08 | 24.06.2019
ნანახია: 955

21 ივნისს დაშავებული მაკო გომური, რომელმაც თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გაწერეს.

მაკო გომურმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეცდება ცხოვრების ყოველდღიურ რეჟიმს დაუბრუნდეს. 

„ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, რადგან გამოვედი საავადმყოფოდან და შემიძლია, წავიდე სახლში. პირველ რიგში, მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს ექიმებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო, - აღნიშნა მაკო გომურმა.

მან თანატოლებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა და განაცხადა რომ ბრძოლას არც თვითონ შეწყვეტს.

„ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ რაღაცების წინაშე და რაღაცების მისაღწევად. ერთეულები არ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ვიყავით, სადაც იბრძოდნენ რაღაცის წინააღმდეგ. იმ მძიმე ღამის გახსენება ძალიან რთულია, რადგან ალბათ არასდროს ამოვა ჩემი გონებიდან ის წამი, როცა მომხვდა ტყვია და წამი, როცა დავინახე სპეცრაზმი. შეიარაღებული ძალა როცა მოდიოდა ჩვენკენ, ის იყო ყველაზე მძიმე კადრი ჩემს ცხოვრებაში და ასე იქნება. მაშინ მოხდა ყველაზე გარდამტეხი რამ ჩემ ცხოვრებაში. ვცდილობ, ძლიერად დავდგე და გადმოგცეთ ეს მუხტი. მართლა ძალიან ძლიერად ვდგავარ და ვცდილობ, თქვენც დაგანახოთ არა იმიტომ რომ თავი მოგაჩვენოთ, არა, მართლა ასე ვარ. ჯერ, პირველ რიგში, ჩემი ჯანმრთელობის გამო არ შევწყვეტ ბრძოლას, რომ დავიბრუნო ჩემი თვალუკა“,- განაცხადა მაკო გომურმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე