უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში დაპირისპირება დიდ დარტყმას აყენებს თითოეულ ჩვენგანს, მთელ სახელმწიფოს და აძლიერებს მხოლოდ მტერს - პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 18:55 | 21.06.2019
ნანახია: 788

უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში დაპირისპირება დიდ დარტყმას აყენებს თითოეულ ჩვენგანს, მთელ სახელმწიფოს და აძლიერებს მხოლოდ მტერს, - ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხად. მისი თქმით, აუცილებელია, დაისვას იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დააყენა.

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ რუსი დეპუტატების საკანონმდებლო ორგანოში ყოფნასთან დაკავშირებით და განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით პარლამენტმა პასუხისმგებლობა არ მოიხსნა.

"ვერ მოიხსნის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მომხდარზე და უკვე ვნახეთ, რომ მან არ მოიხსნა პასუხიმგებლობა. პოლიტიკა, ქვეყნის მართვა ნიშნავს რისკებისა და შედეგების წინასწარ გათვლას. ეს პირობა გუშინწინ და გუშინ დაირღვა, რის შემდეგაც მივიღეთ მართლმადიდებლურ ასამბლეის გაუმართლებელი მოწვევა, სრულიად მიუღებელი ფორმატი და რუსი დელეგატი პარლამენტის უმაღლეს სავარძელზე. მომხდარი უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს საზოგადოებას და მთელი ერის პროტესტი გამოწვია. არ არის გამორიცხული, რომ ამ მოვლენების განვითარებაში გარკვეული პროვოკაციების ნიშნები იყოს, მაგრამ ეს ვერ იქნება პასუხისმგებლობის შემცირების მიზეზი. პასუხისმგებლობის აღებაში იგულისხმება მოვლენათა მთელ ჯაჭვზე განმარტების გაკეთება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა. ველოდები, რომ ხელისუფლება ამ ტრაგედიას სწორად შეაფასებს და ყველაფერს პასუხი გაეცემა.

მეორე მხრივ, აუცილებელია, დაისვას იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დააყენა. ნათელია მათი მიზანი, ვისაც სურს, მხოლოდ ესკალაცია, ვის გეგმაშიც შედის დესტაბილიზაცია. მათი მიზანია, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით განახორციელონ რუსეთის საუკუნოვანი გეგმა, გახლიჩოს ქართული საზოგადოება, დაასუსტოს, დაამონოს სახელმწიფო და შეარყიოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მთავრი საფუძველი. მთელმა საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში დაპირისპირება დიდ დარტყმას აყენებს თითოეულ ჩვენგანს, მთელ სახელმწიფოს და აძლიერებს მხოლოდ მტერს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე