საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სამუშაო ვიზიტით ირლანდიას ეწვია

საქართველო, თბილისი - 17:42 | 17.12.2015
ნანახია: 1400

16-17 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ირლანდიას.  ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ახალ შენობაში გადასვლასთან დაკავშირებით, გაიმართა დროშის აღმართვის ცერემონია. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ და  ირლანდიის სახელმწიფო მინისტრმა განვითარების, ვაჭრობის ხელშეწყობისა და ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის თანამშრომლობის საკითხებში შონ შერლოკმა.

დუბლინში ვიზიტისას მინისტრის მოადგილემ გამართა შემდეგი ორმხრივი შეხვედრები: ირლანდიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის - „დოილის" თავმჯდომარესთან შონ ბარეტთან; სახელმწიფო მინისტრთან განვითარების, ვაჭრობის ხელშეწყობისა და ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის თანამშრომლობის საკითხებში შონ შერლოკთან; იუსტიციისა და თანასწორობის დეპარტამენტის გენერალური მდივნის მოადგილესთან საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით ჯეიმს მარტინთან; საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის გენერალურ მდივანთან ნაიალ ბურგესთან; პარლამენტის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარესთან პატ ბრინთან და ამავე კომიტეტის წევრებთან.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ასევე, კულტურის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს.  გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა ირლანდიურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-12 კონსოლიდირებულ ანგარიშთან დაკავშირებით გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებისთვის.

შეხვედრებზე დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და მის შემდგომ ეფექტიან იმპლემენტაციას, DCFTA-ის ჩათვლით. აღინიშნა, რომ სავიზო ლიბერალიზაცია კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურების კუთხით.

ასევე, განხილულ იქნა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საქართველო-რუსეთის ურთიერთობები.

აგრეთვე, გაიმართა შეხვედრა კომპანიის "Shannon Group" სტრატეგიული მართვის დირექტორთან პატრიკ ედმონდთან და ფინანსურ დირექტორთან დევიდ მაკგერისთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

აღინიშნა, რომ 2016 წელს, საქართველო-ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავის აღსანიშნავად, ჩატარდება მასშტაბური ღონისძიებები, მათ შორის, დაიგეგმა მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე