შსს-მ მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე კონტრაქციის 4 მონაწილე დააკავა

საქართველო, თბილისი - 21:29 | 14.06.2019
ნანახია: 941

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე კონტრაქციის 4 მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"აღნიშნული პირები შეეცადნენ გაერღვიათ სამართალდამცველთა კორდონი, რომელიც შეკრებილების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიმდინარე ორ აქციას შორის იყო მოწყობილი. სამართალდამცველებმა მათ საპირისპირო აზრის მქონე ჯგუფთან მიახლოების, ასევე სიტუაციის ესკალაციის უფლება არ მისცეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადგილზე დააკავეს.

დაკავებულები გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, პარალელურად ორი აქცია იმართება.

თავდაპირველად, მთავრობის შენობასთან აქცია 19:00 საათზე „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა დაანონსეს, მას შემდეგ რაც საპატრიარქომ 18-23 ივნისს ლგბტ პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას პრაიდის ჩატარება.

„თბილისი პრაიდის" მიერ დაანონსებული აქციის გამართვამდე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ თბილისში ლგბტ პრაიდის გამართვას. მოგვიანებით, კონტრაქციის ორგანიზატორებმა მედიასთან განაცხადეს, რომ მათი მიზანი „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლა იყო.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე