ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და პრემიერის პოსტებისთვის გამართულ კენჭისყრის პირველ ტურში ბორის ჯონსონი ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 17:35 | 13.06.2019
ნანახია: 946

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და პრემიერის პოსტებისთვის გამართულ კენჭისყრის პირველ ტურში ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი 114 ხმით ლიდერობს. მეორე ადგილზეა მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი 43 ხმით.

კონსერვატიული პარტიის ფარული კენჭისყრის პირველივე რაუნდში მარათონს გამოეთიშა სამი კანდიდატი, რომლებმაც ხმების საჭირო 5 პროცენტი ვერ მოაგროვეს. ესენი არიან თემთა პალატაში ფინანსთა სამინისტროს ექს-წარმომადგენელი მარკ ჰარპერი, თემთა პალატის ექს-ლიდერი ანდრეა ლიდსომი და შრომის ყოფილი მინისტრი ესთერ მაქვი.

სხვა კანდიდატები - გარემოს დაცვის მინისტრი მაიკლ გოუვი, საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი ჯერემი ჰანტი, ექს-მინისტრი Brexit-ის საკითხებში დომინიკ რააბი, საერთაშორისო განვითარების მინისტრი რორი სტიუარტი, შს მინისტრი საჯიდ ჯავიდი და  ჯანდაცვის მინისტრი მეთიუ ჰენკოკი ბრძოლას განაგრძობენ.

მეორე ტურში ბრძოლის გასაგრძელებლად კანდიდატებს ხმების 10 პროცენტი დასჭირდებათ.

კენჭისყრის მომდევნო ტურები 19 და 20 ივნისს გაიმართება.

როგორც მოსალოდნელია, არჩევნების პროცესი ივლისის მეორე ნახევარში დასრულდება. ახალი პრემიერის არჩევამდე ამ პოსტზე რჩება ტერეზა მეი, რომელიც 7 ივნისს ოფიციალურად გადადგა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე