"ჯი-ეიჩ-ენი" სოფიაში, ახალი ამბების სააგენტოების მე-6 მსოფლიო კონგრესში მონაწილეობს

საქართველო, თბილისი - 15:38 | 13.06.2019
ნანახია: 810

დღეს, 13 ივნისს, ბულგარეთის დედაქალაქში, სოფიაში, გაიხსნა ახალი ამბების სააგენტოების მე-6 მსოფლიო კონგრესი, რომელსაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ახალი ამბების სააგენტოების მფლობელები და მთავარი რედაქტორები ესწრებიან.

კონგრესი ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა გახსნა და სიტყვით მიმართა კონგრესის დელეგატებს.

პრეზიდენტის თქმით, კონგრესი მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, განიხილონ მედიაში მიმდინარე ტენდენციები და გამოწვევები.

ბულგარეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მედიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ყალბი ახალი ამბებია, რადგან ხშირად სიმართლე იმალება ყალბი ამბების ჩრდილქვეშ და რომ ზოგჯერ ყალბი ახალი ამბები, შესაძლოა, უფრო მეტი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის, ვიდრე ბომები და რაკეტები.

კონგრესზე განხილული იქნება ასევე საკითხები, მედიასაკუთრების ახალი მოდელებისა და ინფორმაციის ახალი წყაროების შესახებ.

კონგრესი იმუშავებს 13-დან 15 ივლისის ჩათვლით. მას ესწრება 200 დელეგატი, რომლებიც ახალი ამბების სააგენტოებს წარმოადგენენ მსოფლიოს 100 ქვეყნიდან.

კონგრესის მიწვევით სოფიაში იმყოფება ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის“ მთავარი რედაქტორი თემურ ჭუმბურიძე, რომელიც კონგრესზე საქართველოს სახელით მონაწილეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე