ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა - "ყაზტრანსგაზ თბილისი"

საქართველო, თბილისი - 12:14 | 13.06.2019
ნანახია: 626

საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის დახმარებით, ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. ინფორმაციას "ყაზტრანსგაზ თბილისი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, კომპანიის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება, რომ ერთერთი საცხოვრებელი სახლის 15-ე სართულზე ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა.

"სწრაფი რეაგირების ჯგუფის ადგილზე მისვლისთანავე უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელ კორპუსს გაზის მიწოდება შეუწყდა. შემოწმდა ჭები, სავენტილაციო არხები, სადარბაზოები და მიმდებარე ტერიტორია. კომპანიის სპეციალისტებმა სპეციალური, მეთანის საძიებო ლაზერული აპარატათით შემოწმებისას, ერთერთ საცხოვრებელ სახლში გაზის ძლიერი კონცენტრაცია დაადგინეს.

ბინა დაკეტილი აღმოჩნდა. სამაშველო სამსახურის დახმარებით ბინაში შესვლისას, კომპანიის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ გაზქურის ონკანი ღია მგომარეობაში იყო.

ამ დროისთვის კორპუსში საფრთხე მოხსნილია და გაზმომარაგება სრულად აღდგენილი.

კომპანია მადლობას უხდის სწრაფი რეაგირების სპეციალისტებს დროული მოქმედებისთვის და საფრთხის განეიტრალებისთვის. მადლობა ასევე მოქალაქეს, რომელმაც დროულად დარეკა ცხელ ხაზზე და შეგვატყობინა საეჭვო სუნის შესახებ. სწორედ ამ ქმედებების შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა.

გაფრთხილებთ - არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის ონკანები და დანადგარები. სახლიდან გასვლისას შეამოწმეთ მათი მგომარეობა.

ნუ ჩაუვლით გულგრილად ადგილს სადაც გაზის სუნი იგრძნობა.

გამოიჩინეთ სიფრთხილე და გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანამხმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი, თავის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების უსაფრთხოებაზე", - აცხადებენ "ყაზტრანსგაზ თბილისში".


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე