კიმ ჩენ ინის მოკლული ძმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ინფორმატორი იყო - Wall Street Journal-ი

საქართველო, თბილისი - 09:34 | 11.06.2019
ნანახია: 677

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმა კიმ ჩენ ნამი, რომელიც 2017 წელს მალაიზიის აეროპორტში მოკლეს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ინფორმატორი იყო და უწყების თანამშრომლებს ხვდებოდა. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს.

 „არსებობდა კავშირი ამერიკის სადაზვერვო სააგენტოსა და ბატონ კიმს შორის“, - წერს გაზეთი.

გამოცემის ცნობით, კიმ ჩენ ნამი მალაიზიაში 2017 წლის თებერვალში ჩავიდა, რათა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურიდან თავის საკონტაქტო პირს შეხვედროდა. მან ასევე რამდენიმე დღე გაატარა საკურორტო კუნძულ ლანგკავზე, სადაც შეხვდა უცნობ კორეულ-ამერიკული წარმოშობის მამაკაცს, რის შესახებაც პოლიციამ კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობაში ბრალდებული ქალის სასამრთლო სხდომაზე განაცხადა.

WSJ-ისვე ცნობით, ზოგიერთმა ამერიკელმა ყოფილი თანამდებობის პირმა განაცხადა, რომ კიმი, რომელიც ძირითადად ჩინეთის მაკაოში ცხოვრობდა, კავშირში იყო სხვა ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებთან, მათ შორის ჩინეთთანაც.

კიმ ჩენ ნამი 2017 წლის 13 თებერვალს კუალა-ლუმპურის აეროპორტში გარდაიცვალა. პოლიციამ მის კანზე აღმოაჩინა ნერვულ-პარალიტური ნივთიერების კვალი, რომელიც ქიმიური იარაღის შესახებ საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე