"მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ" - საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 16:32 | 07.06.2019
ნანახია: 797

"სამსონ თამარიანი, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მერაბ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" - საკონსტიტუციო სასამართლომ 7 ივნისს მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო.

განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარი ნორმების თანახმად, სასამართლოში არ საჩივრდება პროკურორის დადგენილება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის და ამავე კატეგორიის დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ. ამავდროულად კი, პროკურორის დადგენილება დაზარალებულისათვის საქმის მასალების გაცნობაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო კონტროლს არ ექვემდებარება.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ეს წესი სასამართლოს მეშვეობით პირის უფლების დაცვას შეუძლებელს ხდის და, შესაბამისად, კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას არღვევს.

ამასთან, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მათგან განსხვავებით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს პროკურორის დადგენილების პირველი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრება შეუძლიათ. მოსარჩელეები თვლიან, რომ სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის მიმართ განსხვავებული წესების გამოყენება პირთა დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას იწვევს, რაც კონსტუტიციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ თანასწორობის უფლებას არღვევს.
საქმეს არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე