ჩინეთის ახალმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველო, თბილისი - 14:04 | 17.12.2015
ნანახია: 1449

2015 წლის 17 დეკემბერს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ძი იანჩიმ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს.

სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომლის დროსაც მინისტრმა ჩინეთის ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარებული პარტნიორული ორმხრივი თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში. ასევე აღნიშნა წარმატებული თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვან პერსპექტივებს. ასევე აღნიშნეს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებების მნიშვნელობა და იმედი გამოთქვეს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევა ახლო მომავალში გახდება შესაძლებელი, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

ჩინეთის ელჩმა თავის მხრივ გამოხატა მზადყოფნა, რომ მისი საქართველოში მუშაობის პერიოდში მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას და განმტკიცებას.

შეხვედრისას ჩინეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე