ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა - მამუკა ხაზარაძე

საქართველო, თბილისი - 10:55 | 30.05.2019
ნანახია: 895

"ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა!!!",- წერს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ ფეისუბკში.

გუშინ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" გამოეხმაურა ფოთში ახალი მრავალფუნქციური, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის საკითხს და განცხადება გაავრცელა:

"დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შევიტყვეთ ამა წლის 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში "ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. (ნებართვა გაცემულია "სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – "ეიპიემ ტერმინალსის" შვილობილი კომპანიის სასარგებლოდ)

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის", მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება”, - აღნიშნულია კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" გაავრცელა განცხადება და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მადლობა გადაუხადა ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე