საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანისა და გასაღებისთვის, რუსეთის მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:21 | 14.05.2019
ნანახია: 178

სამართალდამცველებმა, თბილისში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის, ასევე ქვეყანაში შემოტანისთვის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბორცვაძის თქმით, ჩადენილი დანაშაული 5-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიზნით ჩამოვიდა. ასევე, დადგინდა, რომ ის ნარკოტიკულ ნივთიერებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა და შესაბამისი აღნიშვნებით და კოორდინატებით, შემდგომი გასაღების მიზნით ორგანიზატორს უგზავნიდა.

დაკავებულის პირადი და სასტუმროს ნომრის ჩხრეკისას, ასევე თბილისში 10 სხვადასხვა ლოკაციიდან, ნივთმტკიცებად ამოღებულია 15 შეკვრად დაფასოებული

122,96 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

262 პირველი პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გასაღებას და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს“, - განაცხადა ბოცვაძემ და აღნიშნა, რომ ჯამში, 2019 წლის პირველი იანვრიდან 13 მაისამდე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 13.5 კილოგრამი "ჰეროინი", 1 800 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 2500 აბზე მეტი "ექსტაზი", 6.5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 400 გრამი კოკაინი და 400 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

ამავე პერიოდში, სამართალდამცველების მიერ პასუხისგებაში მიცემულია 60 ნარკორეალიზატორი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე