საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi დღეს გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 14:52 | 08.05.2019
ნანახია: 1062

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi დღეს 19:30-ზე “სანდენსის” გამარჯვებული ფილმით “Honeyland” კინოთეატრ “ამირანში” გაიხსნება. ფესტივალი თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება და მას კინოთეატრი “ამირანი” და საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი მასპინძლობენ.

Connecting Thoughts – „დააკავშირე ფიქრები“ - ამ სლოგანით ფესტივალი კიდევ უფრო უახლოვდება მაყურებელს და თემატურად დაყოფილ სექციებს სთავაზობს.

წლევანდელი ფესტივალის სტუმარი ქვეყანა უნგრეთია, რომელიც გამორჩეული, უახლესი კრეატიული დოკუმენტური ფილმებით იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალის პროგრამა ასევე მოიცავს შემდეგ აქტივობებს: “New Talents Caucasus” – ახალი ტალანტების წარდგენა კავკასიის რეგიონიდან, Civil Pitch - აკავშირებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კინოდოკუმენტალისტებს ერთმანეთთან, CinéDOC Young - ბავშვებისთვის შექმნილი სპეციალური პროგრამაა, Erotic DOX - წლევანდელი ფილმები ქალების ეროტიულ გამოცდილებაზე მოგვითხრობს. ექვსდღიანი ფესტივალის ფარგლებში 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის ჩვენება შედგება. ფილმების ჩვენებების შემდეგ რეჟისორები, პროდუსერები, პროტაგონისტები მაყურებელს შეხვდებიან და მათთან კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსიას გამართავენ, ასევე, დაგეგმილია მასტერკლასები და ტრენინგები.

CinéDOC-Tbilisi 13 მაისს, საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი ფილმებიდან გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება. წელს ჟიურის წევრები არიან: ონდრეი კამენიცკი - ადამიანთა უფლებების საერთაშორისო კინოფესტივალის One World-ის დირექტორი (ჩეხეთი), მარიამ ჭაჭია - ქართველი კინორეჟისორი (საქართველო), კენან ალიევი - Current Time TV-ს მთავარი რედაქტორი.

Focus Caucasus-ის ჟიურის წევრები: პეტრა სელისკარი - პროდიუსერი და კინორეჟისორი (სლოვენია), ჩილა კატო - პროგრამის დეპარტამენტის ხელმძღვანელი Astra Film Festival (რუმინეთი), ტუე სტინ მულერი - ცნობილი კინოკრიტიკოსი.

ფესტივალის სტუმრები არიან: რუსი რეჟისორი ვიტალი მანსკი; Honeyland-ის ოპერატორები: ფეიმი დაუტი და სამირ ლიუმა; ფრანგი რეჟისორი ნიკოლა ფილიბერი; ფილმის Disappearance of My Mother/ „დედაჩემის გაუჩინარება“ მთავარი გმირი ბენედეტა ბარძინი; ძიგა ვერტოვის პირველი დაკარგული ფილმის აღმომჩენი ნიკოლაი იზვოლოვი.

 

ფესტივალი გარდა თბილისისა, კავკასიის რეგიონში 120 კინოჩვენების ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც საგანგებოდ დატრენინგდებიან ფესტივალის რეგიონული კოორდინატორები.

ფესტივალის პარტნიორებს შორის არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“; საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, უნგრეთის საელჩო თბილისში, საქართველოს ეროვნული არქივი.

CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანიც 2013 წლიდან კრეატიული დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე