პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ჩააქრეს

საქართველო, თბილისი - 10:12 | 16.04.2019
ნანახია: 894

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. ამ დროისთვის კონსტრუქციების გაგრილების პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ გაზეთი Figaro სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ხანძრის ლოკალიზაციის შესახებ.

ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ორშაბათს საღამოს გაჩნდა, ჩამოინგრა ტაძრის სამრეკლო, ცეცხლში გაეხვა მზიდი კონსტრუქცია, თუმცა ფასადისა და ორი კოშკის გადარჩენა მოხერხდა.

ცეცხლის გაჩენის შესაძლო მიზეზად ამ დროისთვის ტაძრის მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები სახელდება. შენობა ხის ხარაჩოებში იყო ჩასმული, რამაც ცეცხლის სწრაფი გავრცელება გამოიწვია.

ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილობდა 400-ზე მეტი მეხანძრე. ამასთან ავიაციის გამოყენება შეუძლებელი გახდა შენობის ჩამონგრევის საფრთხის გამო.

ადგილზე მივიდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პრემიერ მინისტრი ედუარ ფილიპი.

მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ყოველი ფრანგის ცხოვრების ცენტრი და საფრანგეთის ისტორია იყო, რომელიც დაიწვა. მან ნოტრ-დამში გაჩენილ ხანძარს დრამა უწოდა და განაცხადა, რომ ტაძარი სრულად აღდგება.

პარიზის ხელისუფელბის განცხადებით, რელიქვიების ნაწილი, რომელიც ტაძარში ინახებოდა, გადარჩენილია. კერძოდ გადარჩა საკურთხეველი და საკურთხევლის ჯვარი, ასევე მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე