გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას - ვასილიკა-ვიორიკა დენჩილა

საქართველო, თბილისი - 16:02 | 15.04.2019
ნანახია: 821

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. რუმინეთის მთავრობის სახლში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მამუკა ბახტაძეს რუმინელმა კოლეგამ ვასილიკა-ვიორიკა დენჩილამ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრებმა განცხადებები გააკეთეს.

 როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველოს რუმინეთთან  განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს.

“პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და რუმინეთს შორის, შეიძლება თამამად ითქვას, დღეს უმაღლეს დონეზეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ. ჩვენ მზად ვართ, გვქონდეს ამბიციური დღის წესრიგი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის, შავი ზღვის რეგიონში არსებული ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალის ბოლომდე ასათვისებლად. ამ კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანია ის შეხვედრა, რომელიც ბუქარესტში 2019 წლის 4 მარტს გაიმართა და რომელზეც საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი პოლიტიკური დეკლარაცია მოამზადეს  ერთობლივი სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ. ჩემთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჯერ კიდევ “საქართველოს რკინიგზაში” მუშაობის პერიოდში ვიყავი ამ ახალი დერეფნის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ჩემთვის სასიხარულოა, რომ ამ ძალიან დიდი იდეის რეალიზაცია ხდება ეტაპობრივად.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს პორტებისა და პორტ კონსტანცას შორის ურთიერთობას, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ საქართველოში შენდება ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ამასთან, ჩვენ გვაქვს ინოვაციური პროექტები ენერგეტიკაში, რომლებიც მოემსახურება ევროკავშირისა და ევროპული ოჯახის ენერგოუსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას და საქართველოს როლის გაძლიერებას ამ მიმართულებით.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიული ხარისხი მიენიჭოს - ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც ღიად ვაფიქსირებთ. სწორედ საერთო ძალისხმევით და ურთიერთობების სტრატეგიულ განზომილებაში გადაყვანით მოვახერხებთ ყველა იმ უმნიშვნელოვანესი საკითხის განვითარებას, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ და რომლებიც, როგორც რუმინეთისთვის, ასევე საქართველოსთვის მართლაც სტრატეგიულია.

ჩვენ ვაფასებთ, ევროკავშირში რუმინეთის პრეზიდენტობის აქტიურ ძალისხმევას, რათა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იდეა და კონცეფცია მაღალ დონეზე შენარჩუნდეს. პარტნიორობის 10 წლისთავზე, ყველა თანხმდება, რომ მრავალ სფეროში მიღწეულ იქნა ძალიან დიდი პროგრესი, მაგრამ, ჩვენ ასევე აღვნიშნეთ ერთობლივი ძალისხმევით პარტნიორობაში ახალი დინამიკის, ახალი მუხტის შეტანის აუცილებლობა, რომლის მიზანია ევროკავშირთან  საქართველოს კიდევ უფრო მეტი დაახლოება და ინტეგრაცია.

საქართველო აგრძელებს ასოცირების შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციას. გვსურს, ინტეგრაციის, მათ შორის სექტორული დაახლოების ხარისხი გადავიყვანოთ ახალ, თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზე. ეს არის ჩვენს მიერ ბრიუსელში წარდგენილი საგზაო რუკის იდეა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უფრო მეტ დაახლოებას ევროკავშირთან და დარწმუნებული ვარ, რუმინელი მეგობრები ამ მიმართულებით აქტიურად დაგვეხმარებიან”, განმარტავს მამუკა ბახტაძე.

მხარეებმა შეხვედრებზე განიხილეს ასევე, არსებული გამოწვევები.

„რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით კატასტროფულია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენ, მეგობრებთან ერთად, მომზადებული გვაქვს სამშვიდობო ინიციატივა, რომლის მთავარი მიზანია, შევაჩეროთ ამ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა. რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც მან ჯერ კიდევ 2008 წელს აიღო, რომ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. 

ჩვენ განუხრელად ვასრულებთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და მადლობას ვუხდით საერთაშორისო საზოგადოებას ამ საქმეში გვერდში დგომისთვის”, აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

რუმინეთის პრემიერ-მინისტრის ვასილიკა-ვიორიკა დენჩილას განმარტებით  კი შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერას და საქართველოს მიერ გატარებულ წარმატებულ რეფორმებს.

„ვისაუბრეთ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მხარდაჭერაზე იმ კონტექსტში, რომ რუმინეთი 2020 წელს ხდება ევროკომისიის თავმჯდომარე და ხაზი გავუსვით აღნიშნული ინიციატივის მიზნების მიღწევას. დისკუსია შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს. რუმინეთის პერსპექტივიდან საქართველოს აყვავება და უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. შესაბამისად, გვსურს კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა, გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. კიდევ ერთხელ გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს პატივს ვცემთ. ჩვენი ძალისხმევა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება, რათა უფრო დინამიური გახდეს ეკონომიკური ურთიერთობები, გაიზარდოს ვაჭრობის მოცულობა, გაიზარდოს ექსპორტი რუმინეთიდან საქართველოში და აღვნიშნეთ, რომ ასეც იყო გასულ წლებში. გვსურს, რეგულარული გახდეს მთავრობათაშორისი კომისია, რათა არსებული პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდოს. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს, იქნება ეს ტურიზმი თუ ხალხთაშორისი კავშირები, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მხარს დავუჭერთ რუმინულ კომპანიებს, რათა კარგად გამოიყენონ შესაძლებლობები, რომელიც აქვს საქართველოს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს კასპიის ზღვა-შავი ზღვის პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელიც არის თურქმენეთთან და აზერბაიჯანთან ერთობლივი პროექტი. გვსურს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ტურიზმის მიმართულებიტთორმხრივი თანამშრომლობა, რაც დიდი პოტენციალის მქონე სფეროა.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ განათლებისა და კულტურის სფეროში ორმხრივ ურთიერთობებზე. ეს ხაზს უსვამს ქართველი და რუმინელი ხალხების კავშირებს და მინდა, სიხარულით აღვნიშნო ანთიმოზ ივერიელი, რომელიც დაიბადა საქართველოში და შუა საუკუნეების რუმინული კულტურის ყველაზე დიდი წარმომადგენელია. ჩვენ მას უნდა ვუმადლოდეთ სტამბის დაარსებას. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი სტუმრობისთვის პრემიერ-მინისტრს. საქართველო მომავალშიც იქნება ჩვენი მეგობარი და პარტნიორი და დარწმუნებული ვარ, ეს პარტნიორობა გახდება კიდევ უფრო ძლიერი და როგორც ქართველი, ასევე რუმინელი ხალხისთვის ძალიან სასარგებლო შედეგებს გამოიღებს”, აცხადებს ვასილიკა-ვიორიკა დენჩილა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე