მამუკა ბახტაძე ვასილიკა-ვიორიკა დენჩილას შეხვდება

საქართველო, თბილისი - 10:18 | 15.04.2019
ნანახია: 740

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვია. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუმინეთის მთავრობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაურს რუმინელი კოლეგა ვასილიკა-ვიორიკა დენჩილა უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ასევე, დაგეგმილია ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის მინისტრი ვალერ დანიელ ბრეაზი მოაწერენ ხელს. 

რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ კლაუს იოჰანისს, რუმინეთის სენატის პრეზიდენტსა და დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდება, ასევე ესტუმრება წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს და რუმინეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დეპუტატი ისკო დასენი იმყოფებიან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე