იტალიის მთავრობამ საქართველოს 2 მილიონი ევრო გამოუყო

საქართველო, თბილისი - 12:18 | 12.04.2019
ნანახია: 714

ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე დაკვირვების ახალი სადგურების შეძენისა და ქ. თბილისის ბუნებრივი საფრთხეების რისკების დეტალური შესწავლისათვის იტალიის მთავრობამ 2 მილიონი ევრო გამოყო.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ვიზიტად მყოფ იტალიელ ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა.

ვიზიტის მიზანია იტალიის რესპუბლიკის გარემოს, ხმელეთისა და ზღვის სამინისტროსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის  გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ქართული მხრისთვის გარემოს დაცვის სფეროში ფინანსური დახმარება. ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგურების შეძენა და ატმოსფერული ჰაერის მოდელირებისა დაპროგნოზირების სისტემის დანერგვა იტალიის გამოცდილების გაზიარებით,  ასევე ქ. თბილისის ტერიტორიის ფარგლებში მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების აუზებში ჰიდროლოგიური და გეოლოგიური კვლევების განხორციელება.

აღსანიშნავია, რომ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება კვლავ რჩება სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად. მონიტორინგის გაძლიერების ფარგლებში იგეგმება 5 ახალი თანამედროვე, ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ჰაერის მონიტორინგის სადგურის შეძენა და ინსტალირება, რაც ხელს შეუწყობს გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგის ქსელის გაფართოებას, ხოლო მოდელირების საშუალებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა არეალებში ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შეფასება. ასევე მოხდება საველე კვლევების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის დამუშავება და საკვლევ ტერიტორიაზე არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების შეფასება.

იტალიელი ექსპერტების ვიზიტი 12 აპრილამდე გაგრძელდება, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უცხოელი ექსპერტებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ერთობლივი საველე გასვლები, ატმოსფერული ჰაერის მინიტორინგის ავტომატური საგურების დათვალიერება და სამუშაო პროცესის ადგილზე გაცნობა, ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების კუთხით უკიდურესად დაძაბული, მდ. ვერეს და ლეღვთახევის  ხეობების შეფასება.

შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს, ქ. თბილისის მერიის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე