ეროვნული ბანკის პრინციპული ზედამხედველობის შედეგად, საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია რეგიონში - გვენეტაძე

საქართველო, თბილისი - 14:23 | 05.04.2019
ნანახია: 934

სწორედ, ეროვნული ბანკის პრინციპული ზედამხედველობის შედეგად, საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია რეგიონში, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობა, მათ შორის საზედამხედველო პოლიტიკა, შეფასებულია არაერთი საერთაშორისო, პრესტიჟული ორგანიზაციის მიერ და ეს შეფასება არის ყოველთვის საუკეთესო.

„გავიმეორებ, საუკეთესო და სამაგალითო. სხვა, მათ შორის, განვითარებული, ქვეყნებისთვისაც. ეს შეფასებები ეფუძნება კვლევებს, ინტერვიუებს, შემოწმებებს, გამოკითხვებს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებშიც. სწორედ ეროვნული ბანკის პრინციპული ზედამხედველობის შედეგად, საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია რეგიონში. უკომპრომისო საბანკო ზედამხედველობის შედეგია, რომ საქართველოდან ორი მსხვილი ბანკის აქციები საერთაშორისო ბაზარზეა განთავსებული და საერთაშორისო ინვესტორების მაღალი ნდობით სარგებლობს. საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასებაც ადასტურებს, რომ  ეროვნული ბანკი სწორ საზედამხედველო პოლიტიკასა და წარმატებულ რეფორმებს ატარებს.

„ჩემი მოვალეობაა მივიღო საჭირო, ზოგჯერ რთული და არაპოპულარული ზომები სისტემაში რისკების შესამცირებლად, მიუხედავად სხვადასხვა გავლენის ჯგუფების ინტერესებისა“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით. ეროვნული ბანკი, მისი ფინანსური სტაბილურობის მანდატით, მომავალშიც, სრულად და დარღვევის პროპორციულად, განახორციელებს ყველა იმ საზედამხედველო ღონისძიებას, რაც აუცილებელია ჯანსაღი საფინანსო სისტემის ფუნქციონირებისათვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე