საუდის არაბეთი ისლამურ სამხედრო კოალიციას ქმნის

საქართველო, თბილისი - 13:10 | 15.12.2015
ნანახია: 1669

საუდის არაბეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ისლამურ სამხედრო კოალიციას ქმნის. სააგენტო Saudi Press Agency-ის ინფორმაციით, კოალიციაში 34 ქვეყანა გაერთიანდება. არაბეთის ნახევარკუნძულიდან მას შეუერთდება საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ბაჰრეინი, ყატარი, ქუვეითი და იემენი.

აფრიკის ქვეყნებიდან კოალიციაში შევლენ ბენინი, ჩადი, ტუნისი, ჯიბუტი, სენეგალი, სუდანი, სიერა-ლიონე, სომალი, გაბონი, გვინეა, კომორის კუნძულები, კოტ-დიუვარი, ლიბია, მალი, ეგვიპტე, მაროკო, მავრიტანია, ნიგერი და ნიგერია.

კოალიციას ასევე შუერთდებიან იორდანია, პალესტინა, ლიბანი, თურქეთი, პაკისტანი, ბანგლადეში, მალდივები და მალაიზია.

ირანი, რომელიც შიიტიური სახელმწიფოა და რეგიონში საუდის არაბეთის მთავარი მეტოქეა, კოალიციაში არ შევა. ჩამონათვალში არ არის სირია, ერაყი და ომანი.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო კავშირს საუდის არაბეთი უხელმძღვანელებს, ერ-რიადში კი ერთობლივი ოპერატიული ცენტრი იმოქმედებს. გაერთიანების მიზანს სამხედრო ოპერაციების კოორდინირება და მხარდაჭერა წარმოადგენს. კოალიციის მისიად ტერორისტული დაჯგუფებებისგან ისლამური ერის დაცვა სახელდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე