რუსეთის სამი მოქალაქე საქართველოში ნარკოტიკებს ინტერნეტის გამოყენებით ასაღებდა

საქართველო, თბილისი - 11:33 | 04.04.2019
ნანახია: 1036

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ინტერნეტის გამოყენებით (ე.წ. დადების მეთოდით)  ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, თბილისში რუსეთის  ფედერაციის 3 მოქალაქე დააკავეს, - განაცხადა  სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ.

მისი თქმით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის  დეპარტამენტი, რამდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებდნენ კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჭელიძის თქმით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ

ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს, რომლებიც საქართველოში ნარკოტიკების  გასაღების მიზნით ჩამოვიდნენ.

„ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ,  თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს  უღებდნენ და ინტერნეტში მისი გასაღების მიზნით აღნიშნულ ფოტოებს  აქვეყნებდნენ. სამართალდამცველებმა, ორი მათგანის პირადი და საცხოვრებელი სახლის  ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. კერძოდ: 2 კილო და 287 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება,  „ბუპრენორფინის“ შემცველი სითხე, 187 გრამი „მდმა“ და ნარკოტიკული  საშუალება „ნორფენტანილი“. დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული”, - განაცხადა ჭელიძემ.

პოლიციამ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულების მითითებით, სხვადასხვა ადგილიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება  ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის  260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს.

2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების  შედეგად ამოღებულია: 12 კილოგრამამდე "ჰეროინი", 980 აბი "სუბუტექსი" და  "სუბოქსინი", 2200 აბი "ექსტაზი", 5 კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური  ნივთიერება, 1 კილო და 350 გრამი კოკაინი და 250 გრამი ფსიქოტროპული  პრეპარატები. მიმდინარე წელს სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისათვის  სისხლის სამართლის პასუხისგებაში 477 პირი მისცეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე