ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორიო თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

საქართველო, თბილისი - 15:54 | 15.03.2019
ნანახია: 801

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორიო თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, რალფ რეგენვანუმ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელი ოძისი მოინახულა. რალფ რეგენვანუ ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ვანუატუს რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. 

“მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ვანუატუ ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობენ საქართველოს. მთავარი მიზანი ამ ვიზიტისა გახლავთ ის, რომ, უკეთ გავეცნოთ საქართველოს წინაშე არსებულ საკითხებს, ხელი შევუწყოთ  ვანუატუსა და საქართველოს შორის  ურთიერთობების გაღრმავებას, არამხოლოდ რეგიონულ, არამედ საერთაშორისო დონეზე.

საოკუპაციო ხაზის მონახულება დაგვეხმარება გავაცნობიეროთ, თუ რა მდგომარეობაა საქართველოს ამ რეგიონში. ჩემთვის, როგორც ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყოფნა.  როდესაც ამ საკითხზე საერთაშორისო დონეზე იქნება საუბარი, მე მექნება ზუსტი წარმოდგენა არსებული მდგომარეობის შესახებ.
ვანუატუ ყოველთვის აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 2011 წელს გვყავდა მინისტრი, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა. ჩემი აზრით, ის გარკვეული პირების ზეგავლენის ქვეშ მოექცა და აღიარა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მისი ეს გადაწყვეტილება არ იყო სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია.

ამ ფაქტის შემდეგ, ვანუატუმ ძალიან მალევე დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან და აღიარება უკან გაიწვია.“- აღნიშნა რალფ რეგენვანუმ.
საოკუპაციო ხაზის მონახულების შემდეგ, რალფ რეგენვანუ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და განათლების, მეცნიერების კულტურის და სპორტის მინისტრთან მიხეილ ბატიაშვილთან. დელეგაციის წევრები მოინახულებენ იუსტიციის სახლს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრ 112-ს და ადგილზე გაეცნობიან უწყებების საქმიანობის სპეციფიკას.

ვიზიტის ფარგლებში, 14 მარტს,  ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორიო თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა საგარეო საქმეთა სამინისტროში   თავის ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან შეხვედრა გამართა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე