ფინანსთა მინისტრი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:03 | 27.02.2019
ნანახია: 990

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ პარტნიორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის საკითხები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ასევე, აისახება ეკონომიკური მხარდაჭერის მასშტაბებზე.

ივანე მაჭავარიანმა სტუმარს გააცნო ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ადმინისტრირების გამარტივების მიზნით საგადასახადო და საბაჟო სფეროში დაგეგმილი რეფორმები.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული ინიციატივები ხელს შეუწყობს, რაც შეიძლება მეტი ამერიკული და საერთაშორისო კომპანია დაინტერესდეს საქართველოში ინვესტირებით.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს მხარდაჭერაზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უწევს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აშშ-ის მთავრობა უწევს საქართველოს მთავრობას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორის პროცესში და აღნიშნა, რომ განათლების სფერო მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გამოთქვა მზაობა, გააგრძელოს ძალისხმევა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებისთვის.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე