არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა

საქართველო, თბილისი - 11:01 | 22.02.2019
ნანახია: 795

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან ერთი წელი შესრულდა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, დაბა ახალგორში დააკავეს და იქიდან ცხინვალში გადაიყვანეს.

23 თებერვალს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღი წაართვა, მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კი, კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობით. დე ფაქტო ხელისუფლების ეს ვერსია დაადასტურა რუსეთში ჩატარებულმა ექსპერტიზამ.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 24 მარტს, სამხედრო პატივით დაკრძალეს მუხათგვერდის ძმათა სასფლაოზე. იმავე წლის მაისში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცისთვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა ღირსების ორდენით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე