აშშ-ისგან ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებენ ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს აღიარებენ

საქართველო, თბილისი - 10:36 | 20.02.2019
ნანახია: 1428

გამოქვეყნდა აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი (FY19 Consolidated Appropriations Act), იგივე აშშ-ს 2019 ფისკალური წლის ბიუჯეტი, რომელიც მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ კანონი ითვალისწინებს საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების მნიშვნელოვან ზრდას.

ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. აგრეთვე ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კონგრესს მესამე წელია შეაქვს აღნიშნული ჩანაწერი აშშ-ის საკანონმდებლო აქტში, რაც აშშ-ის მიერ  საქართველოსადმი დიდ ყურადღებასა და მტკიცე მხარდაჭერაზე მიანიშნებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე