მედეა ჯაფარიძე დღეს 96 წლის გახდებოდა

საქართველო, თბილისი - 09:50 | 20.02.2019
ნანახია: 1518

მედეა ჯაფარიძეს დღეს 96 წელი შეუსრულდებოდა. კინოსა და თეატრის ქართველი ცნობილი მსახიობი 1923 წლის 20 თებერვალს დაიბადა. 

1939 წელს დაამთავრა თბილისის VIII საშუალო სკოლა. ორი წელი მუშაობდა ნაძალადევის კულტურის სახლთან არსებულ ხალხური შემოქმედების თეატრში. 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში ისმენდა გიორგი ტოვსტონოგოვის ლექციების კურსს მსახიობის ოსტატობაში. მოგვიანებით მივლინებული იყო მოსკოვში, ვლ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის სტუდიაში. აქ იგი რეჟისორმა ი. ზავადსკიმ მიიწვია „მოსსოვეტის“ თეატრში, სადაც რუსულ ენაზე შეასრულა კლეოპატრას როლი ბერნარდ შოუს პიესაში „კეისარი და კლეოპატრა“. სულ მალევე დაბრუნდა სამშობლოში და მთელი ცხოვრება ქართულ კინო-თეატრს მოახმარა.

კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მან შექმნა არაერთი უბრწყინვალესი სახე, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული თეატრის უმდიდრეს ისტორიაში. მათგან აღსანიშნავია: ნინა (მიხაილ ლერმონტოვის „მასკარადი“), ჯულიეტა, ბეატრიჩე, ლედი ანა (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „ჭირვეული ცოლის მორჯულება“, „რიჩარდ III“), ჭრიჭინა (მ .ბარათაშვილის „მარინე“), გულსუნდა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), მარტა (კასონას „ხეები ზეზეულად ხმებიან“), ვარვარა კარპოვნა (კიტა ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), გულქანი (პ. კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“), იოკასტე(სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), დედა (ლაშა თაბუკაშვილის „ძველი ვალსი“) და სხვა.

1950 წელს როლისთვის კინოფილმში „ჯურღაის ფარი“ დაჯილდოვდა სტალინის პრემიით. ამავე წელს მიენიჭა საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე