ალეკო ელისაშვილი: ამ ბინძურ ხალხს პირადად მივიყვან მატროსოვის ციხემდე

საქართველო, თბილისი - 11:58 | 13.12.2015
ნანახია: 1493

ეს ბინძური ხალხი, რომელსაც პირადად მივიყვან მატროსოვის ციხემდე, - განაცხადა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ”რუსთავი 2-”-ის ეთერში.

ელისაშვილმა შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდი გაიხსენდა და განაცხადა, რომ მასზე ყოველი შეწყალების დროს ხორციელდებოდა ზეწოლა.

“ ერთ საქმეზე ზედმეტი ინტერესი იყო პოლიტიკოსების მხრიდან. ეს ვითომც არაფერი, მაგრამ მეორე შეწყალებაზე ზედმეტი ინტერესი გაგრძელდა. მესამე, სააღდგომო შეწყალებაზე იყო პირდაპირი ისტერიკა რამდენიმე პოლიტიკოსის მხრიდან, რომ გინდა თუ არა, ეს საქმე რატომ არ გაგაქვს, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული და ეს საქმე გაიტანე განსაკუთრებული წესითო. ვეუბნებოდი, რომ ვერ გავიტან ამას, ის არ ჯდებოდა კრიტერიუმებში. მპასუხობდნენ, რომ ვიცით, რომ არ ჯდება კრიტერიუმებში, მაგრამ მაინც უნდა გაიტანოო. კონკრეტულ მსჯავრდებულებზე იყო საუბარი. ბოლო მესიჯი მივიღე პირდაპირ ძახილის ნიშნებით, როგორ ბედავ ჩვენი მოთხოვნის იგნორირებას და არ გაგაქვს შეწყალებაზეო. ჩემი ეჭვები გავუზიარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, მესიჯები მასაც ვაჩვენე და პრეზიდენტსაც. ამ საქმეზე ჩემთვის თანხა არ შემოუთავაზებიათ, თუმცა რამდენჯერმე მოვიდა ქალბატონი, რომელიც მეუბნებოდა, რომ თუ შენ სულ მცირე გაუნახევრებ ჩემს შვილს, პატივისცემა იქნება, რასაც მთხოვ, პატივს გცემ. მე ვაწყვეტინებდი იქვე ყველა საუბარს. თუმცა მამაჩემს შესთავაზეს 20 000 დოლარი და ჩემს ახლობლებს შესთავაზეს ასეთი დათქმითაც, რომ თუ გინდა ნუ ეტყვი და შენ აიღე, ოღონდ დაგვეხმარე. მე ვიყავი ერთ შეხვედრაზე, სხვა შეხვედრაზე, ჩემთან მოვიდა ერთი მაღალი თანამდებობის ადამიანი. ის ადამიანი დღეს სხვა, ასევე მაღალ თანამდებობაზეა. მან მკითხა, ეს საქმე თუ იცი, რამდენიმე მსჯავრდებულის სახელი დამისახელა, მეთქი ვიცი. ამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე პოლიტიკოსის ინტერესი თუ იციო. აი, პირდაპირ გეუბნები, რომ ამ ადამიანებს 200 000 დოლარი აქვთ ბე-ს სახით ამათგან აღებულიო და საერთო ჯამში, თუ გათავისუფლდებიან და მოახერხებინებენ, რომ შენ გაგათავისუფლებინონ, მილიონნახევარს აიღებენო. ასევე მითხრა, რომ ეს ხალხი იყო პოლიტპატიმართა სიაშიო, მაგრამ შსს-მ ამოიღო და კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა ამისო. ამიტომ, ახლა ცდილობენ შეწყალებიდან გაიყვანონ ეს ხალხი, ვინაიდან პირობა აქვთ მიცემული კონკრეტული დამკვეთისთვისო. ამ მსჯავრდებულების გათავისუფლებით კონკრეტული ხალხი იყო დაინტერესებული”, - განაცხადა ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ამ ამბავში ორი საქმე იკვეთება. ერთი - იმ მაღალი თანამდებობის პირების საქმე, ვისაც მან ეს ინფორმაცია მიაწოდა და მათ რეაგიერება არ მოახდინეს მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს პირდაპირ ევალებოდათ და მეორე - "ეს ბინძური ხალხი, რომელსაც პირადად მივიყვან მატროსოვის ციხემდე", - ამბობს ელისაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე