კობა დავითაშვილი პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრის

საქართველო, თბილისი - 12:30 | 19.02.2019
ნანახია: 923

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრის. ამის შესახებ კობა დავითაშვილმა თავად განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შუალედური არჩევნები მთაწმინდის საარჩევნო ოლქში აპრილში გაიმართება. მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატ სალომე ზურაბიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის ოლქში შუალედურ არჩევნებში კენჭს ასევე იყრიან სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, უფლებადამცველი სოფო ხორგუანი და ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია.

კობა დავითაშვილმა 2007 წლის ივლისში დააარსა „ხალხის პარტია“ და გახდა მისი თავმჯდომარე. საარჩევნო ბლოკ „ეროვნული საბჭოს" სიით გახდა 2008 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი, მაგრამ დეპუტატის მანდატზე თავის თანამოაზრეებთან ერთად უარი განაცხადა. ამავე ბლოკის სიით 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში გახდა თბილისის საკრებულოს წევრი. იყო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის წევრი. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი კოალიცია „ქართული ოცნების“ სიით.

2013 წელს დავითაშვილმა საქართველოს მთავრობასთან უთანხმოების გამო მალე დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა და კენჭი იყარა საპრეზიდენტო არჩევნებში. დავითაშვილმა განაცხადა, რომ დატოვებდა პოლიტიკას, თუ ვერ მოაგროვებდა ხმათა 3%-ს. არჩევნებში ხმათა 0,6%-ის მიღების შემდგომ მან განაცხადა, რომ ტოვებს აქტიურ პოლიტიკას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე