წერეთლის გამზირზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, სამი ახალი სკვერი მოეწყო

საქართველო, თბილისი - 11:58 | 19.02.2019
ნანახია: 810

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, სამი ახალი სკვერი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, სკვერების ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.

ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, განთავსდა თანამედროვე საბაღე ინფრასტრუქტურა და ფიტნეს ტრენაჟორები დამონტაჟდა.

ახალი სკვერები დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან, ვლადიმერ ძნელაძესთან და ზაზა პაპუაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„მერის ინიციატივას პირველად აკაკი წერეთლის გამზირის N93-ის მოსახლეობა გამოეხმაურა და უსახური ავტოფარეხების ნაცვლად, ასეთი ლამაზი მოსასვენებელი სივრცე მივიღეთ. საერთო ჯამში, ინიციატივას რამდენიმე ეზო შეუერთდა და გამწვანებული და კომფორტული სკვერები მოვაწყვეთ. ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები რამდენიმე ამხანაგობასთან მიმდინარეობს“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

სამუშაოების ფარგლებში, დასასვენებელ სკვერებში მოეწყო საბავშვო გასართობი მოედნები, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი განთავსდა. ტერიტორიაზე ასევე, დამონტაჟდა განათების სისტემა, მოწესრიგდა ასფალტის საფარი. უსაფრთხოების მიზნით, სკვერების ტერიტორიაზე  მიმდინარეობს ვიდეო კონტროლიც.

სამუშაოები, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 255 000 ლარი გამოიყო, ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ჯეოპარკმა“ და „მშენსერვის 55“-მა შეასრულეს.

წერეთლის გამზირის N93-ში, N99-სა და N101-ში მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, დიდუბის რაიონის გამგეობამ 47 ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე