ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბერლინში გამართულ გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა

საქართველო, თბილისი - 09:40 | 19.02.2019
ნანახია: 1426

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბერლინში გამართულ გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა.

როგორც პალატის ფეისბუკ გვერდზეა აღნიშნული, 15 თებერვალს, ბერლინში გამართულ ავტომწარმოებელ „იაგუარის“ ახალი მოდელების გამოფენა-პრეზენტაციაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები მიიწვიეს.

გამოფენაზე, ახალი მოდელის წარდგენის შემდეგ, ე.წ. სავაჭრო-პალატის წარმომადგენელმა ისაუბრა პალატის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა გამოფენაზე სტუმრებს აფხაზური ღვინო და აფხაზური ჭაჭა „აჩარა“ წარუდგინეს.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ ფეისბუკგვერდზეა აღნიშნული, სტუმრები განსაკუთრებით აფხაზურ ჭაჭაზე დაფუძნებული კოქტეილებით მოიხიბლნენ.

„ჯი-ეიჩ-ენი“ ცდილობს დაუკავშირდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, რომლის კომენატრსაც მიღებისთანავე გავავრცელებთ.

შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა სლოვაკეთში ITF SLOVAKIATOUR 2019-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეც იყო წარმოდგენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით „ჯი-ეიჩ-ენი“ დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს სლოვაკეთში, სადაც განაცხადეს, რომ  საქართველოს დიპლომატიურ მისიას სლოვაკეთში ჰქონდა კომუნიკაცია სლოვაკურ მხარესთან, რა დროსაც სლოვაკეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

„სლოვაკეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ სლოვაკეთის მთავრობას ამ გამოფენის ორგანიზებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და გამოფენა ორგანზიებულია კერძო კომპანიის მიერ, რომლის მფლობელიც არის ეროვნებით რუსი.  სლოვაკურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გამოფენას არ დაესწრებიან სლოვაკეთის ოფიციალური პირები”, - განუცხადეს „ჯი-ეიჩ-ენს“ საქართველოს საგარეო უწყებაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე