ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:03 | 18.02.2019
ნანახია: 968

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკსა და თანმხლებ პირებს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნათია თურნავა და ეკატერინე მიქაბაძე.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ევროპის საინვესტიციო ბანკის საინვესტიციო პორტფელზე საქართველოში და სამომავლო თანამშრომლობის ძირითად პრიორიტეტებზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ მხარეებმა განიხილეს ორი ახალი პრიორიტეტული მიმართულება, რომელთა შორისაა, თანამშრომლობა ენერგოეფექტურობის დანერგვისა და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მიმართულებით. გიორგი ქობულიას განცხადებით, ბანკი ქართულ კომპანიებს როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენს, რათა საწარმოების ტექნოლოგიური გადაიარაღება განხორციელდეს და ამის შედეგად, წარმოება ენერგოეფექტური გახდეს.

„კიდევ ერთი პრიორიტეტული საკითხია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ბანკი ხელს შეუწყობს მსხვილი ევროპული კომპანიების შემოყვანის პროცესს საქართველოში, რაც ჩვენ დაგვეხმარება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის რეალიზებაში, არამედ ასეთ საწარმოებთან მოსალოდნელია ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის უფრო მეტად განვითარება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

„ევროპის საინვესტიციო ბანკმა ბოლო ათი წლის მანძილზე თითქმის 200 მილიონი ევროს მხარდაჭერის პროგრამები განახორციელა საქართველოში. ჩვენ, ადგილობრივი ბანკების მეშვეობით, ადგილობრივ საწარმოებზე გავცემთ სესხებს და ასეთ მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ. ამასთან, ყურადღებას, პირველ რიგში, ისეთ კომპანიებზე გავამახვილებთ, რომლებიც საქმიანობენ შემდეგ სექტორებში, როგორც ენერგოეფექტურობა, სოფლის მეურნეობა და ტექნოლოგიები,” - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიხცე-პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, ასევე გამახვილდა ყურადღება უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაზე. „დავპირდით მინისტრს, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი შეეცდება, დაეხმაროს თქვენს ქვეყანას ინვესტორების მოძიებაში, ასევე,  უზრუნველყოს ასეთი ინვესტიციების მხარდაჭერა,“ - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა. ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებიც საქართველოში აღნიშნული საფინანსო ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე