Facebook-ი მომხმარებლების პერსონალური მონაცემების გაჟონვის გამო, შესაძლოა, მილიარდობით დოლარით დაჯარიმდეს

საქართველო, თბილისი - 14:38 | 15.02.2019
ნანახია: 1003

აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC) და კომპანია Facebook-ი   სოციალური ქსელის მომხმარებლების პირადი ინფორმაციების გაჟონვის გამო მრავალმილიარდიანი ჯარიმის შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამის შესახებ Washington Post-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, მხარეები ამ ეტაპზე თანხის რაოდენობას განიხილავენ, თუმცა თუ მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდება, სავაჭრო კომისიამ საქმე, შესაძლოა, სასამართლოს გადასცეს.

აღნიშნული ჯარიმა, შესაძლოა, ყველაზე დიდი აღმოჩნდეს, რაც კი FTC-ს ტექნოლოგიური კომპანიებისთვის დაუკისრებია. მანამდე უმსხვილესი ჯარიმა, რომელიც კომპანია Google-მა 2012 წელს გადაიხადა, 22,5 მლნ დოლარს შეადგენდა.

როგორც გამოცემა იუწყება, Facebook-მა მოლაპარაკებებში მონაწილეობა დაადასტურა, მაგრამ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. კომენტარი არც FTC-ს გაუკეთებია.

FTC-მა Facebook-ის წინააღმდეგ გამოძიება 2018 წლის მარტში დაიწყო ანალიტიკური კომპანია Cambridge Analytica-სთვის 87 მლნ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გადაცემასთან დაკავშირებით. კომპანია Cambridge Analytica წინასაარჩევნო კამპანიის დროს  დონალდ ტრამპთან თანამშრომლობდა.

მიღებული მონაცემების საფუძველზე მკვლევარები აფასებდნენ ამომრჩევლების პოლიტიკურ შეხედულებებს.

კომპანია ბრალდებებს უარყოფს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე