დიმიტრი ქუმსიშვილმა რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის “Ad Black Sea”-ის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა

საქართველო, თბილისი - 11:55 | 25.09.2015
ნანახია: 1852

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის “Ad Black Sea”-ის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ფესტივალი 24-27 სექტემბერს ბათუმში იმართება. ფესტივალი საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციისა და უკრაინის სარეკლამო კოალიციის ერთობლივი ძალისხმევით ტარდება. ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს მთავრობა და ბათუმის მერია.

მისასალმებელ სიტყვაში, დიმიტრი ქუმსიშვილი მიესალმა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებს და მათ ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. მინისტრის განცხადებით, მსგავსი საერთაშორისო ფესტივალები გაზრდის საქართველოს ცნობადობას.

ფესტივალის გახსნას ასევე დაესწრნენ აჭარის ავტონომიის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა ოფიციალური პირები.

 ფესტივალის გახსნაზე ორგანიზატორების მიერ იმედი გამოითქვა, რომ Ad Black Sea მალე დაიკავებს თავის ადგილს ევროპის საფესტივალო რუკაზე და ძალიან მალე შეძლებს, რეგიონული მნიშვნელობის ფორუმად გარდაიქმნას, რაც უდიდეს გავლენას მოახდენს საქართველოს რეკლამის ინდუსტრიის განვითარებაზე.

 ბათუმის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად და ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად სპეციალისტები მსოფლიოს 20 ქვეყნიდან ჩავიდნენ.

4 დღის განმავლობაში, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში ჩატარდება სემინარები, ვორქშოპები, მასტერკლასები, რაც შესანიშნავი საშუალებაა ადგილობრივი და დარგობრივი სპეციალისტებისათვის, ბიზნესმენებისათვის, მეწარმეებისათვის განავითარონ და გააღრმავონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, მიიღონ რჩევები და ინსპირაცია მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტებისაგან. ფესტივალის მონაწილეებს შეეძლებათ შეხვდენენ, მოისმინონ და გაიცნონ სარეკლამო სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები ევროპიდან და ამერიკიდან, გაუზიარონ მათ თავისი ხედვები, ნახონ სხვადასხვა ქვეყნებში შექმნილი ნამუშევრები, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში.

ფესტივალის მიმართულებებია: საგანმანათლებლო პროგრამა და კონკურსი, რომელიც შედგება სამი კატეგორიისგან (საუკეთესო ვიდეო კონტენტი და სხვა ბრენდირებული კონტენტი; საუკეთესო დიზაინი, პრინტი და პოსტერი; საუკეთესო იდეა).

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე