13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 16:32 | 12.02.2019
ნანახია: 817

რუსთავში, 13 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 29 წლის მამაკაცი სასამართლომ  წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

პროკურორის განცხადებით, ის ორჯერ არის ნასამართლევი. 

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორის თქმით, დაკავებული ძარცვისთვის და მეზობლის ცემის ფაქტზეა გასამართლებული, თუმცა, არცერთ შემთხვევაში მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ კითხვის ნიშნები არ დამდგარა. მისივე თქმით, მამაკაცის ოჯახის წევრების განცხადებით, ფსიქიკური აშლილობა დაკავებულს დაახლოებით, ერთი კვირის წინ დაეწყო.

„რაც შეეხება ფსიქიურ პრობლემებს, აღნიშნულის თაობაზე მინდა მოგახსენოთ, რომ ბრალდებულს საერთოდ არასდროს წარსულში არ უფიქსირდებოდა. ის არცერთ დაწესებულებაში არ იყო რეგისტრირებული. რაც შეეხება მის წარსულ ნასამართლეობას, ის 2008 წელს იყო ძარცვისთვის ნასამართლევი და 2014 წელს იყო მეზობლის ცემისთვის ნასამართლევი,“ - ამბობს პროკურორი.

ადვოკატი სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნას ითხოვს. ის დარწმუნებულია, რომ ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვერ აცნობიერებდა შექმნილ მდგომარეობას.

29 წლის მამაკაცმა 14 წლის ძმისშვილი ორი დღის წინ მოკლა. მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე