საქართველოს ფოსტა ყოველწლიურად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და მომხმარებელზე მორგებულს ხდის საფოსტო პროდუქტებს - ლევან ჩიკვაიძე

საქართველო, თბილისი - 12:00 | 08.02.2019
ნანახია: 1147

2018 წელს საქართველოს ფოსტამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ქვეყნის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტთან თიბისი ბანკთან, აღნიშნულია კომპანიის გასული წლის შეჯამებაში.

კომპანიის ინფორმაციით, ამ თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში განახორციელონ მათთვის სასურველი საბანკო ოპერაციები. თანამშრომლობის მიზანია მომხმარებლების დროის დაზოგვა, ასევე საფოსტო და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ასევე, გასულ წელს საქართველოს ფოსტამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს უმასპინძლა, საქართველოში ჩატარდა PostEurop-ის რიგით 34-ე პლენარული სხდომა, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ესტუმრნენ 49 ევროპული ქვეყნის 52 საფოსტო ოპერატორის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილული იქნა საფოსტო რეფორმები, საფოსტო სფეროს განვითარების გეგმები და წევრთა შორის პარტნიორული კავშირების გამყარების შესაძლებლობები. ასევე საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით პირველად საქართველოში გაიმართა „ბიზნეს ინოვაციების ფორუმი“, რომელსაც 100-ზე მეტი საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ წარმოადგინეს საფოსტო ბიზნესთან და ლოჯისტიკასთან დაკავშირებული ინოვაციური პროექტები და ხედვები.

„საქართველოს ფოსტა მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, ამიტომ იგი ყოველწლიურად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, ასევე მრავალფეროვანს და მომხმარებელზე მორგებულს ხდის საფოსტო პროდუქტებს. მიმდინარე წელს კომპანია გეგმავს რიგი სერვის ცენტრების განახლებას თბილისსა და რეგიონებში, ახალი სერვისების დანერგვას და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მიმართულებით, რაც კომპანიის მომსახურების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ლიდერ ეროვნულ საფოსტო ოპერატორს, რომლის ძირითადი საქმიანობაა მომხმარებლის უზრუნველყოფა უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით საქართველოში. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით კომპანიის 82 სერვის ცენტრი ფუნქციონირებს. საქართველოს ფოსტა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია, კომპანიაში დასაქმებულია 2 800-ზე მეტი კადრი. საქართველოს ფოსტა მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რისთვისაც სისტემატურად ატარებს სხვადასხვა სასწავლო ტრენინგებს და დღეს კომპანიის თანამშრომელთა კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს“, აცხადებს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე