5 წლის განმავლობაში 972 არასრულწლოვანი განერიდა სასჯელს

საქართველო, თბილისი - 15:51 | 11.12.2015
ნანახია: 1756

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით გაიმართა კონფერენცია, რომელზეც არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის 5 წლის შედეგები შეჯამდა. კონფერენცია სახელწოდებით -  „არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა − 5 წელია მოქმედებიდან და ერთი წელი რეფორმებიდან “ორგანიზებული იყო ევროკავშირის პროექტის − „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და გაერო-ს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობით და ფინანსური მხარდაჭერით.  

პროგრამა ეფექტური საშუალებაა არასრულწლოვნის მართლშეგნების ამაღლებისთვის. განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირისა და დაზარალებულის ინტერესებს. პროგრამა მიმართულია ქვეყანაში დანაშაულის პრევენციაზე.

პროგრამის მენეჯმენტს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს.

კონფერენციას დაესწრნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი რენა ტევინტერი, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი, მთავარი პროკურატურის მოადგილე გიორგი გოგაძე და სხვები. კონფერენცია თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა.

შეხვედრა სიტყვით გახსნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ. შეჯამდა არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის შედეგები, დაჯილდოვდნენ პროგრამაში ჩართული წარმატებული პროფესიონალები: პროკურორები, მედიატორები და სოციალური მუშაკები.

არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამა 2010 წლის ნოემბერში ამოქმედდა. პროგრამის მეშვეობით, 2015 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით განრიდებულია, 972 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დადასტურებული განმეორებითი მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ია.

2014 წლიდან პროგრამაში განხორციელებული რეფორმების თანახმად, თუ მანამდე პროკურორს უფლება ჰქონდა, არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში მიემართა განრიდების მექანიზმისთვის, ამჯერად მას უფლება მიენიჭა, გარკვეული სახის მძიმე დანაშაულის შემთხვევაშიც ჩაერთო არასრულწლოვანი პროგრამაში. 5 წლის განმავლობაში პროგრამაში ბევრი რამ დადებითად შეიცვალა, მათ შორის 2014 წელს გაიზარდა მედიატორის როლი. ამით პროგრამა კიდევ უფრო დაუახლოვდა აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს, რის გამოც მნიშვნელოვნად გაიზარდა მედიაციის მაჩვენებელი. 2016 წლის იანვრიდან კი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ ცვლილებები კიდევ რამდენიმე საკითხს შეეხება. 

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნისთვის წარმოადგენ შანსს, განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობისა და სასჯელის მოხდის გარეშე. პროგრამაში მონაწილეობა ითვალისწინებს ვალდებულებებთან ერთად არასრულწლოვნის ჩართვას ახალგაზრდულ და სოციალური სახის სხვადასხვა პროექტში, რაც მას მისცემს სტიმულს, დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება და გადადგას საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის საჭირო სწორი ნაბიჯები.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე