გიორგი ქობულიამ საერთაშორისო კონფერენციზე გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებზე მოხსენება გააკეთა

საქართველო, თბილისი - 12:50 | 29.01.2019
ნანახია: 871

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს" და გლობალური ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებზე მოხსენება გააკეთა. კონფერენცია თბილისის ტექნოპარკში ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის" წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019" ეგიდითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარეობს. კონფერენცია 29 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად გახსნა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ აუდიტორიას წარუდგინა საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის ძირითადი მიზნები და გამოწვევები. მათ შორის, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამუშაო ადგილების შექმნაზე, ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობაზე, სიღარიბის დაძლევაზე, ასევე ვაჭრობადი საექსპორტო პოტენციალის განვითარებასა და ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დამყარებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობაზე.

გიორგი ქობულიამ საქართველოსთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობად გამოყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების არსებობა, რომელიც ქვეყანას აქვს მსოფლიოს ისე დიდ ბაზრებთან, როგორიცაა ევროკავშირი, ჩინეთი, დსთ და სხვ. ამასთან, მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებათა გაფორმების მიმართულებით ისეთ სტრატეგიულ სავაჭრო პარტნიორებთან, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, ისრაელი, ინდოეთი, ყურის ქვეყნები, იაპონია და აშშ.

მინისტრის პრეზენტაციის დიდი ნაწილი დაეთმო სატრანსპორტო - ლოგისტიკური სისტემების განვითარებას, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების საერთაშორისო აღიარებას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან რეფორმებზე საზღვაო პოტენციალის ათვისების, სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებისა და ადგილობრივი სამოქალაქო ავიაციაში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების მიმართულებით.

30 იანვარს კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019" გაგრძელდება".

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე