თბილისში ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 09:50 | 29.01.2019
ნანახია: 802

29-30 იანვარს თბილისში ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ გაიმართება.

ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“- ის ეგიდით 29-30 იანვარს თბილისში, „ტექნოპარკში“ ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ გაიმართება. კონფერენციას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე დაესწრება. კონფერენციაზე საპატიო სტუმრად მოწვეულია ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი.

კონფერენციის მიზანია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, ახალი გამოწვევებისა და მომავალი განვითარების პერსპექტივის გლობალურ კონტექსტში განხილვა სამუშაო გარემოში. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მთავრობის მიერ მიღწეული შედეგებისა და მომავალში განსახორციელებელი რეფორმების საჯარო განხილვები.

კონფერენციას ტექნოპარკში, 29 იანვარს, 09.00 საათზე საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე და ჰენრიკ ჰოლოლეი გახსნიან. ღონისძიების მოდერატორი გაზეთ Georgia Today-ის დამფუძნებელი გიორგი შარაშიძე იქნება. კონფერენციის პირველ დღეს დაგეგმილია სამი პანელი, ასევე დისკუსია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით.

იმ მნიშვნელოვან საკითხებს შორის, რომლებზეც ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, ასევე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაგეგმილი პანელების ფარგლებში ისაუბრებენ, არის: საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის პერსპექტივები; ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში; დაგროვებითი საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზარი; ახალი ბაზრებისა და ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია; მეწარმეობის ხელშეწყობა; საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის პოტენციალის ანალიზი; „მწვანე ეკონომიკა“ და ა.შ. განსაკუთრებით აღსანიშნავია დავოსში გამართული ეკონომიკური ფორუმის შედეგების განხილვა, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს.

ეკონომიკურ კონფერენციას „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ ასზე მეტი დელეგატი დაესწრება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე