ევროპის სახალხო პარტიას მინდა ვთხოვო, მიაქციოს ყურადღება, როგორ მოექცა მისი პარტნიორი პარტია პრეზიდენტობის ქალ კანდიდატს საქართველოში - ჩუგოშვილი

საქართველო, თბილისი - 11:56 | 22.01.2019
ნანახია: 727

„საარჩევნო კამპანია სავსე იყო სიძულვილით, პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეურაცხყოფითა და შევიწროებით“, - ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

საპარლამენტო დელეგაცია, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას.

ასამბლეაში საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დებატები გაიმართა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, სიტყვით გამოსვლისას, ასამბლეის წევრებს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებისა და გაცემული რეკომენდაციებისთვის მადლობა გადაუხადა.

თამარ ჩუგოშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმოდგენილ რეკომენდაციებს ქართული მხარე ყურადღებით ეცნობა და ითვალისწინებს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და საარჩევნო კამპანიის შესახებ ისაუბრა.

„ეს იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც ქვეყანამ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩია, რადგან საქართველო ასრულებს გარდაქმნას სრულად საპარლამენტო დემოკრატიად ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რომლებიც, როგორც ვენეციის კომისიამ განცხადა, ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო მმართველობის სისტემად და წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისკენ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯს დემოკრატიის პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე დაყრდნობით”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჩატარებული არჩევნები იყო გამორჩეული, რადგან საქართველომ პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია, რაც უპრეცედენტოა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ, მთელს რეგიონში.

„პირველი ქალი პრეზიდენტი არჩეულ იქნა უკიდურესად კონკურენტუნარიან პოლიტიკურ რბოლაში, პირველად, ჩემი ქვეყნის ისტორიაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩეველთა 60 %-იანი მხარდაჭერით”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ყურადღება დამკვირვებელთა მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე გაამახვილა.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, ანგარიშის თანახმად, არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და პროფესიონალურად ადმინისტრირებული.

„კანდიდატებს ჰქონდათ საშუალება კამპანია თავისუფლად ჩაეტარებინათ და ამომრჩევლებს საკუთარი არჩევანი შეზღუდვების გარეშე გაეკეთებინათ, კამპანია იყო ცოცხალი და დინამიური. საარჩევნო კომისიის საქმიანობა იყო გამჭვირვალე, მედია გარემო იყო მრავალფეროვანი და მოქალაქეებს ჰქონდათ წვდომა სხვადასხვა თვალსაზრისზე”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისივე თქმით, არჩევნების დადებითი შედეგების მიუხედავად, იყო სამწუხარო დინამიკაც.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საარჩევნო კამპანია სავსე იყო პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მიმართ სიძულვილით და შეურაცხყოფის ყველაზე ცუდი ფორმები ქალი კანდიდატის მიმართ ევროპის სახალხო პარტიის პარტნიორმა პარტიამ გამოიყენა.

„არჩევნების დადებითი შედეგების მიუხედავად, პროცესში ვისწავლეთ გაკვეთილებიც და გარკვეულ სამწუხარო დინამიკასაც დავაკვირდით. სამწუხაროდ, ეს კამპანია იყო სიძულვილით იყო სავსე. ის სავსე იყო ქალი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეურაცხყოფითა და შევიწროებით. ამ კვირას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაიწყო კამპანია შევიწროების წინააღმდეგ. ჩვენ ვუყურეთ ვიდეოს, თუ რა ტანჯვას გადიან ქალები პოლიტიკაში. შევიწროების ყველაზე ცუდი ფორმები იქნა გამოყენებული ოპოზიციის მხრიდან, რომელიც არის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პარტნიორი პარტია მინდა, ვთხოვო ჩემს კოლეგებს EPP-დან - გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, როგორ მოექცა თქვენი პარტნიორი პარტია ქალ კანდიდატს, როგორ მოექცა თქვენი პარტნიორი პარტიის კუთვნილი მედია პრეზიდენტობის ქალ კანდიდატს საქართველოში. სიძულვილის ენის, შევიწროებისა და შეურაცხყოფის დონე იყო წარმოუდგენელი”, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.

თამარ ჩუგოშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპის სახალხო პარტიის წევრებს, დაგმონ საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებული სიძულვილით აღსავსე კამპანია.

„მჯერა, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი შეძლებს ამ ტკივილის სიძლიერედ გარდაქმნას და გზას გაუხსნის სხვა ქალებსაც პოლიტიკაში. მაგრამ, ვთხოვ წევრებს, განსაკუთრებით, სახალხო პარტიის წევრებს, რომ დაგმონ ეს წარმოუდგენელი შევიწროება და შეურაცხყოფა ჩემი ქვეყნის ახლადარჩეული პრეზიდენტის მიმართ თქვენი პარტნიორი პარტიის წევრების მხრიდან”, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ სიძულვილსა და შეურაცხყოფას სათანადო პასუხი გასცეს საქართველოს მოქალაქეებმა.

თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ამომრჩეველთა ხმების 60 % იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებული სიძულვილით სავსე კამპანიის წინააღმდეგ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე