ველისციხის ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 16:37 | 16.01.2019
ნანახია: 805

სამართალდამცველებმა ველისციხის ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირი, ბესიკ გაზდელიანი დააკავეს. ბესიკ გაზდელიანი გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილებით სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და მას შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ბრალდების მხარის განცხადებით, გაზდელიანმა 16 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში პოლიციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაში ხელი შეუშალა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიების მტკიცებით, გაზდელიანი აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა, რომ პოლიციელებს არ დამორჩილებოდნენ.

ბესიკ გაზდელიანის ადვოკატი გიორგი ჟამუტაშვილი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური მოტივითაა დაკავებული.

„სასამართლომ ბესიკ გაზდელიანი უკანონოდ ცნო სამართალდამრღვევად, მას შვიდდღიანი პატიმრობა უკანონოდ შეეფარდა. ბრალდების მხარემ წარმოადგინა ვიდეო, სადაც ვითომცდა ჩანდა, რომ პოლიციას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, თუმცა არადამაჯერებელი იყო მოწმედ მოყვანილი პოლიციელების ჩვენებები“, – განაცხადა ადვოკატმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე