ვის აქვს უფლება, რომ სამუშაო ჯგუფში ყოფნა ამიკრძალოს? - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 16:29 | 15.01.2019
ნანახია: 584

ვის აქვს უფლება, რომ სამუშაო ჯგუფში ყოფნა ამიკრძალოს? სამუშაო ჯგუფი ჩემი შექმნილია და საავტორო უფლების დაპატენტება არ მჭირდება, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

ის ირაკლი კობახიძეს ურჩევს, კონფრონტაციული ტონით ნუ ისაუბრებს.

„ყველას ვურჩევ, ნუ გადაწყვეტს, ვინმეს აქვს ის მანდატი, რომ სამუშაო ფორმატში მონაწილეობა ამიკრძალოს ან რომელიმე სამუშაო ფორმატში მონაწილეობა შემიზღუდოს. ამაზე არავის თანხმობა არ მჭირდება. რომელ ჯგუფშიც გადავწყვეტ, რომ ჩართული უნდა ვიყო, ყველა ჯგუფში ვიქნები, არავის დასტური არ მჭირდება. ეს ჯგუფი 2017 მე შევქმენი და კარგია, რომ ირაკლი კობახიძეს მოსწონს. სხვა ფორმატსაც შევქმნით, სადაც ჩვენი კოლეგები იქნებიან წარმოდგენილი, რადგან ეს ცვლილებები საბოლოოდ უნდა მიიღოს არა სამუშაო ჯგუფმა, არამედ პარლამენტმა.

ირაკლი კობახიძეს ვურჩევ, კონფრონტაციული ტონით ნუ ისაუბრებს, რადგან პროცესი ისედაც დაძაბულია. არ ვიცი, კონსულტაციები ვისთან უნდა გამართოს, მაგრამ არავის მიწვევა არ მჭირდება. ეს საკითხი ვინმეს ექსკლუზივი არ არის, საერთო საჯარო სახელმწიფოებრივი ინტერესია. ეს არის ჩემი პასუხი გაუგებარ განცხადებაზე, რაც მოვისმინეთ. ჩემი ჩამოშორება რომელიმე პროცესიდან წარმოუდგენელია, თავად ვწყვეტ, რომელიმე თანამდებობაზე ყოფნა მინდა თუ არა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ იქნება თუ არა ეკა ბესელია სამუშაო ჯგუფში, რომელიც მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებზე იმსჯელებს, კონსულტაციებით გადაწყდება.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე