ბესელიას ივანიშვილმა უთხრა, რომ უნდა წასულიყო - ოთარ კახიძე

საქართველო, თბილისი - 14:27 | 28.12.2018
ნანახია: 1175

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას წასვლა უზენესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს არ უკავშირდება.

მისი თქმით, სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილმა მას უთხრა, რომ უნდა წასულიყო.

„რაც შეეხება ე.წ. დაპირისპირებას, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც სასამართლოს თემაზე ერთმანეთს ეკინკლავებიან, ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია შეთანხმებული იყო უშუალოდ ივანიშვილთან. მურუსიძესთან კონტრაქტი გააფორმა ივანიშვილმა და ამ პირების დამტკიცებაც ივანიშვილის სურვილი იყო, ამიტომ თუ დაპირისპირებაზე ფიქრობენ, იმის ვაჟკაცობა უნდა ეყოთ, რომ ივანიშვილს დაუპირისპირდნენ. ეკა ბესელიას წასვლა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან არანაირ კავშირში არ არის სასამართლოს საკითხთან. ესეც ივანიშვილის სურვილია, რომელსაც ქალბატონმა ეკამ პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად სასამართლოს საკითხი მიაბა და საზოგადოებას ეს პრინციპულ ნაბიჯად შემოასაღა. სინამდვილეში ივანიშვილმა უთხრა მას, რომ ის უნდა წასულიყო. ეს პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება იყო. „ქართული ოცნება“ არ არის ღირებულებების გარშემო გაერთიანებული პირთა ჯგუფი. ეს არის ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფი, რომელსაც ამოძრავებს მხოლოდ ძალაუფლება და რაღაც დოზით წინა ხელისუფლების სიძულვილი. სხვა პოზიტიური დღის წესრიგი ან იდეოლოგია ამ ადამიანებს არ გააჩნიათ. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ისინი ერთმანეთზე ასე საუბრობენ“, - განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

პარლამენტში სიის გადაგზავნის შემდეგ ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, თანამდებობის დატოვებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი შეაჩერა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე