ნუ ეკვეხები-მეთქი, რისი უფლება გვაქვს, განახებთ ცოტა ხანში - დავით ჭიჭინაძე ანრი ოხანაშვილს

საქართველო, თბილისი - 16:13 | 27.12.2018
ნანახია: 370

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ დავით ჭიჭინაძესა და უმრავლესობის წევრ ანრი ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას ელოდებოდა.

„ვფიქრობ, მოსახლეობა ალბათ ყველაზე ნაკლებად ელოდებოდა თქვენს გადადგომას. პირდაპირ ვიტყვი, რომ მეგონა, თქვენზე ადრე პარლამენტის თავმჯდომარე გადადგებოდა“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ამის შემდეგ დავით ჭიჭინაძეს უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა საუბარი შეაწყვეტინა.

„წესიერად ილაპარაკე შეურაცხყოფების გარეშე“, – მიმართა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძეს.

თავის მხრივ კი, ჭიჭინაძემ ონახაშვილს მიმართა.

„არავის გაწყვეტინებდით, ნუ ეზმანებით სხვადასხვა თანამდებობას, დამიჯერეთ. ნუ ეკვეხები-მეთქი. რისი უფლება გვაქვს, განახებთ ცოტა ხანში. მოსახლეობა გაგცემთ საკადრის პასუხს, მაგ სიამოვნებას როგორ მოგაკლებთ“, – მიმართა ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძის განცხადებით, ეკა ბესელიას გადადგომით „ქართულმა ოცნებამ“ გაწყვიტა ხიდი, რომელიც მას აკავშირებდა 2012 წელთან და იმ იმედებთან, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა.

„მინდა ვთქვა ერთი რამ, ყველაფერს უნდა დაერქვას ის სახელი, რაც ჰქვია ზუსტად თქვენს საქციელს. „ქართულმა ოცნებამ“ დღეს საზოგადოებასთან დაშორების კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, გაწყვიტა ხიდი, რომელიც მას აკავშირებდა 2012 წელთან და იმ იმედებთან, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, თქვენი გადადგომით  „ქართულმა ოცნებამ“ დღეს საკუთარ მოსახლეობას კიდევ ერთხელ უთხრა უარი იმ დაპირებების შესრულებაზე, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში იძლეოდა“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე