რაც მეტი საწარმო იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მით მალე შევძლებთ, რომ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის - ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 15:57 | 27.12.2018
ნანახია: 1195

2019 ჩვენ მეგობარ ქვეყნებთან ერთად, ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ, რომ წინ წავიწიოთ დეოკუპაციის საკითხებში, – ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, სამწუხაროდ, საქართველოს წინაშე რჩება ორი უმძიმესი გამოწვევა – რუსული ოკუპაცია და სიღარიბე.

„ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად, რომ კიდევ უფრო წინ წავიწიოთ დეოკუპაციის საკითხებში. სამწუხაროდ, რუსეთი ჯერ კიდევ არ ასრულებს ვალდებულებას, რომელიც 2008 წელს აიღო და არ გაჰყავს ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან“, – განაცხადა პრემიერმა.

მან სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შესახებ ისაუბრა და ასევე, აღნიშნა, რომ დღეს იმყოფებოდა სოფელ დიცში, სადაც სტარტაპების დაფინანსების ფარგლებში საწარმო გაიხსნა.

„ვფიქრობ, რაც დღეს ვნახეთ, არის პასუხი ყველა კითხვაზე, რაც შეიძლება, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს. ჩვენი პასუხი არის მხოლოდ მშვიდობა და განვითარება, მხოლოდ განვითარება და მშვიდობა. ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევასა და კონცენტრაციას გავაკეთებთ იმაზე, რომ მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ რეალიზაცია სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. რაც მეტი ასეთი საწარმო იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მით მალე შევძლებთ, რომ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის საქართველოს ხელისუფლების ამოცანა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე