აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს უნდა ჩაერიოს სხვა ხელისუფლების შტოში მიმდინარე პროცესებში - პრემიერი

საქართველო, თბილისი - 15:12 | 27.12.2018
ნანახია: 894

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ეკა ბესელიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ეს არის ეკა ბესელიას პირადი პოზიცია და მას აქვს ამის უფლება.

„მან გააკეთა განმარტება. ჩემი პოზიცია აუცილებლად იქნება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს არ უნდა ჩაერიოს სხვა ხელისუფლების შტოში მიმდინარე პროცესებში. თქვენ მოგეწონებათ, როგორც ხდებოდა, ქვეყნის პირველი პირები ურეკავდნენ მოსამართლეებს და თავის მოსაზრებებს ეუბნებოდნენ. ვფიქრობ, ეს არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას, გვაქვს ახალი, გამართული კონსტიტუცია და ყველამ ამ კონსტიტუციის ფარგლებში უნდა ვიმუშაოთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება ეკა ბესელიას მიერ ვანო ზარდიაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, მამუკა ბახტაძემ განაცხადა: „ღმერთმა არ ქნას, რომ ყველა საკითხზე იყოს აზრთა ერთობლიობა. ჩვენ გვაქვს ეროვნული ინტერესები და პოლიტიკური გუნდი არის თანხვედრაში. ეს არის პოლიტიკური, ცოცხალი პროცესი და ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავისი კონკრეტული შეხედულება, ის თავისუფალია თავის არჩევანში და იმ კომუნიკაციაში, რაც აქვს საზოგადოებასთან”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს დატოვა. როგორც ბესელიამ აღნიშნა,  გადადგომით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გაუმართლებელი პროცესი შეჩერდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე