მამუკა ბახტაძემ სოფელ დიცში ვაშლის ჩიფსების საწარმო დაათვალიერა

საქართველო, თბილისი - 13:28 | 27.12.2018
ნანახია: 153

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ დიცში ვაშლის ჩიფსების საწარმო დაათვალიერა. 
ვაშლის ჩიფსების წარმოება “საპარტნიორო ფონდის” შვილობილი კომპანია “სტარტაპ საქართველო”-ს ერთ-ერთი გამარჯვებული და წარმატებული ინოვაციური ბიზნეს პროექტია.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი მალე ჩინეთში განხორციელდება. მამუკა ბახტაძის თქმით, მსგავსი წარმატებული პროექტები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა.
“ჩვენ ვიმყოფებით ულამაზეს სოფელ დიცში, რომელიც საოკუპაციი ხაზთან მდებარეობს, შესაბამისად სოფელში ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევები. სამმა ქართველმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა, რომ სოფელ დიცში გაეკეთებინა ეს უნიკალური საწარმო, რომელიც დააფინანსა ჩვენმა სტარტაპ პლატფორმამ - “სტარტაპ საქართველომ”. ჩვენმა ახალგაზრდებმა გამოიგონეს უნიკალური ხილის შრობის მეთოდი და დაიწყეს ვაშლის ჩიფსის დამზადება, რომელიც გახდა ძალიან პოპულარული, არის ჯანსაღი საკვები, ყოველგვარი დანამატების გარეშე. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ისინი მოიხმარენ მხოლოდ ადგილობრივ პროდუქციას. ვაშლის ჩიფსები პოპულარული გახდა არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ, დაიდო კონტრაქტი ჩინეთში. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სამეწარმეო სულისკვეთება ჩვენს ახალგაზრდებში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ დავძლიოთ ის ეკონომიკური გამოწვევები, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშეა. კიდევ ერთხელ მსურს ახალგაზრდებს მადლობა გადავუხადო ამ წამოწყებისთვის და ვუსურვო კიდევ უფრო მეტი წარმატებები”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ
საწარმოს შექმნის იდეის და შრობის ინოვაციური ტექნოლოგიის ავტორები არიან აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები. პროექტი გულისხმობს ინოვაციური შრობის ტექნოლოგიით ვაშლის ჩიფსების წარმოებას, რომელიც სტანდარტული ჩიფსების ჯანსაღი და გემრიელი ალტერნატივაა. 
პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 100 000 ლარს, საიდანაც “სტარტაპ საქართველოს” დაფინანსება 90 000 ლარია. ამ ეტაპზე საწარმოში დასაქმებულია 11 ადამიანი, უმეტესად ადგილობრივი სოფლის მცხოვრებლები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საწარმოში მისვლამდე დიცის პოლიციის საგუშაგოზე იმყოფებოდა, სადაც პოლიციელებს გაწეული სამუშაოსთვია მადლობა გადაუხადა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე