ხვალ საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება

საქართველო, თბილისი - 14:19 | 10.12.2015
ნანახია: 1580

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშხაბადში თურქმენეთის რესპუბლიკის ნეიტრალიტეტის 20 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ უმაღლესი დონის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

 გიორგი მარგველაშვილი კონფერენციაზე - "ნეიტრალიტეტის პოლიტიკა: საერთაშორისო თანამშრომლობა მშვიდობის სახელით, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის" - სიტყვით გამოვა.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე და მისი გეოპოლიტიკური როლის წამოწევა ძალიან აქტუალურია.  მნიშვნელოვანია,რომ ეს ხდებოდეს, როგორც დასავლეთის მიმართულებით, ასევე აღმოსავლეთის და აზიიის მიმართულებით. აშხაბადის კონფერენციას 86 საერთაშირისო დელეგაცია, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

„საქართველო სწორედ ის სახელმწიფოა, რომელმაც არა მხოლოდ მხარი დაუჭირა გაეროს 1995 წლის რეზოლუციას "თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ", არამედ მისი თანაავტორიც იყო.

საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა კონფერენციაზე, რომლის ძირითადი თემებიც არის თანამშრომლობა, უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალური საკითხები", -აღნიშნა ფხალაძემ.

მისი თქმით, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების გარემოზე,  ისაუბრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითრებაზეც.

„საქართველო თავის მხრივ  ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისათვის და აღნიშნული საკითხი იქნება პრეზიდენტის გამოსვლის ერთერთი მნიშვნელოვანი თემა", - აღნიშნა ფხალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს - მათ შორის თურქმენეთის, ჩინეთის, ავღანეთის, მოლდოვას, ტაჯიკეთის და ყირგიზეთის პრეზიდენტებთან.

„ეს მეტად ნიშვნელოვანი შეხვედრებია რეგიონის ლიდერებთან , რომელიც საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის წარმოჩენას უკავშირდება", -განაცხადა ფხალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე